სწავლება მედიაზე
16 ივნ. 2022
2847 ნახვა

მედია განათლება ადამიანებს აძლევს შესაძლებლობას გახდნენ მედიაწიგნიერები, შეძლონ კრიტიკულად გააცნობიერონ მედია გზავნილები და მისი გავრცელების ტექნიკები და გავლენები. ამის ცოდნა დაეხმარებათ მედიის სხვადასხვაგვარი მარკეტინგული სტრატეგიის ამოცნობაში.  ეს სტრატეგიები მოიცავს, არა მხოლოდ ტრადიციულ და ციფრულ მედიას, არამედ სხვა ყველა პოპულარულ მიმართულებას, როგორიცაა თამაშები, მოდა, სავაჭრო ცენტრები და თემატური სოციალური სივრცეები. არ არის აუცილებელი მასწავლებლები იყვნენ მედიის ექსპერტები იმისთვის, რომ მედია განათლებასთან დაკავშირებით ჩაატარონ საკლასო აქტივობები და მოსწავლეებს ასწალონ ისეთი შეკითხვების დასმა, რომლებიც მათ კრიტიკული აზროვნებისკენ უბიძგებს. მაგალითად:

ვინ არის მედია პროდუქტის აუდიტორია და რატომ?

ვისი გადმოსახედიდან არის მოთხრობილი ამბავი?

როგორ მოქმედებს კონკრეტული ჟანრის უნიკალური ელემენტები იმაზე, რასაც ვხედავთ, გვესმის ან ვკითხულობთ?

როგორ არის შესაძლებელი ერთი და იგივე მედია პროდუქტი სხვადასხვა აუდიტორიისთვის შეიცვალოს და მას მოერგოს? 

იმის გამო, რომ მედიის საკითხები რთული და ხშირად წინააღმდეგობრივია, მასწავლებლის როლი მოსწავლეებში კრიტიკული და კვლევითი აზროვნების განვითარება და სწორი კითხვების დასმის სწავლებაა.

დღეს, მთავარი გამოწვევა სწორი ინფორმაციის მოძიება,  შეფასება და ამ საკითხების საკუთარ საჭიროებებთან სინთეზირებაა. მედიაწიგნიერება, ისევე როგორც კრიტიკული აზროვნება, უკურეაგირება და ეთიკური ქცევა, არის განათლების სფეროს განსაკუთრებული ნაწილი დღევანდელ მსოფლიოში.

მედიის სწავლების ძირითადი ცნებები

მედიის სწავლება ეყრდნობა მედიაწიგნიერების ძირითად ცნებებს, რაც განისაზღვრავს მასმედიის კულტურის შესასწავლ ეფექტურ საფუძველს. ეს ძირითადი ცნებები მოქმედებს როგორც ფილტრები, რომლებიც უნდა გაიაროს ნებისმიერმა მედიატექსტმა, რათა მოხდეს მისი სწორად შეფასება.  

1. მედია არის კონსტრუქციები

მედიაპროდუქტები იქმნება იმ პირების მიერ, რომლებიც აკეთებენ შეგნებულ და ცნობიერ არჩევანს იმის შესახებ, თუ როგორ უნდათ, რომ წარმოაჩინონ კონკრეტული პროდუქტი.  ეს გადაწყვეტილებები ეფუძნება შემქმნელების პირად თვალსაზრისს, რომელიც ჩამოყალიბებული იქნება მათი მოსაზრებებით, ვარაუდებითა და მიკერძოებით - ასევე მნიშვნელობა აქვს მედიის საშუალებას, რომელსაც ისინი იყენებენ. ამის შედეგად, მედია პროდუქტები არასოდეს არის რეალური და პროდუქტის სრულიად ზუსტი ასახვა - ყველაზე ობიექტურმა დოკუმენტურმა კინორეჟისორმაც კი, უნდა გადაწყვიტოს რა კადრები გამოიყენოს და რა ამოჭრას, ასევე სად დააყენოს კამერა და სხვა. თუმცა ჩვენ ინსტინქტურად ვუყურებთ კადრებს და გვექმნება პირდაპირი წარმოდგენა პროდუქტზე, რომელიც შესაძლოა არარეალისტური ან მიკერძოებული იყოს.

დასვი კითხვები:

ვინ შექმნა ეს მედია პროდუქტი?

რა არის მისი მიზანი?

შინაარსში გადმოცემული აზრის მიხედვით, რა ვარაუდები ან რწმენა აქვთ მის შემქმნელებს?

2. აუდიტორია განსაზღვრავს მნიშვნელობას

ნებისმიერი მედია პროდუქტის მნიშვნელობა არ არის შექმნილი მხოლოდ მისი მწარმოებლების მიერ, არამედ ის არის მათსა და აუდიტორიას შორის თანამშრომლობა - რაც ნიშნავს, რომ სხვადასხვა აუდიტორიაშ შესაძლოა ერთი და იმავე პროდუქტს განსხვავებული მნიშვნელობა შესძინოს. მედიაწიგნიერება გვაიძულებს გავიგოთ, თუ როგორ მოქმედებს ინდივიდუალური ფაქტორები, როგორიცაა ასაკი, სქესი, რასა და სოციალური სტატუსი მედიის ინტერპრეტაციაზე.

დასვი კითხვები:

როგორ შეიძლება სხვადასხვა ადამიანმა განსხვავებულად დაინახოს კონკრეტული მედია პროდუქტი?

რა გრძნობას გიქმნით მედია პროდუქტი იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად ჰგავხართ ან განსხვავდებით მათი სამიზნე ჯგუფისგან?

3. მედიას აქვს კომერციული გავლენა

მედია შინაარსის უმეტესობა ბიზნესია და შესაბამისად, მოგებაზეა ორიენტირებული. გარდა ამისა, მედია ინდუსტრია ეკუთვნის კორპორაციების მძლავრ ქსელს, რომლებიც გავლენას ახდენენ შინაარსსა და გადანაწილებაზე. საკუთრებისა და კონტროლის საკითხები ცენტრალიზირებულია. იმ შემთხვევებშიც კი, როდესაც მედია კონტენტი არ არის შექმნილი მოგებისთვის - როგორიცაა YouTube ვიდეოები და ფეისბუქის პოსტები - კონტენტის გავრცელების გზები თითქმის ყოველთვის ფინანსური მანიპულაციებითაა წახალისებული.

დასვი კითხვები:

რა არის ამ მედია პროდუქტის კომერციული მიზანი (სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, როგორ დაეხმარება ის ვინმეს თანხის გამომუშავებაში)?

როგორ მოქმედებს ეს კონტენტზე და რა გზებით ხდება მისი კომუნიკაცია?

თუ ვერ მოიძებნა ფინანსური მიზანი, რა სხვა მიზნები შეიძლება ჰქონდეს მედიაპროდუქტს (მაგალითად, მისი შემქმნელის პოპულარობის გაზრდა, ან აუდიტორიის დარწმუნება კონკრეტულ თვალსაზრისში)?

როგორ მოქმედებს ეს მიზნები შინაარსზე და როგორ ხდება მისი გადმოცემა?

4. მედიას აქვს სოციალური და პოლიტიკური გავლენა

მედია გადმოსცემს იდეოლოგიურ გზავნილებს ღირებულებების, ძალაუფლებისა და ავტორიტეტის შესახებ. მედიაში ვინც ან რაც არ არის გამოსახული შეიძლება უფრო ყურადღებამისაქცევი იყოს, ვიდრე ის რაც რეალურია. ეს შეტყობინებები შეიძლება იყოს შეგნებული გადაწყვეტილებების შედეგი, მაგრამ უფრო ხშირად ისინი არაცნობიერი მიკერძოებისა და ვარაუდების შედეგია და მათ შეუძლიათ მნიშვნელოვანი გავლენა იქონიონ იმაზე, თუ რას ვფიქრობთ და გვწამს.

შედეგად, მედია დიდ გავლენას ახდენს პოლიტიკისა და სოციალური ცვლილებების ფორმირებაზე. სატელევიზიო ახალი ამბების გაშუქებასა და რეკლამას შეუძლია დიდი გავლენა მოახდინოს ეროვნული ლიდერის არჩევაზე. მსოფლიო საკითხების გადმოცემამ, როგორც ჟურნალისტიკაში, ასევე მხატვრულ ლიტერატურაში, შეიძლება დიდი გავლენა იქონიოს იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საკითხი. საზოგადოების შეხედულებების ჩამოყალიბებაზე შეიძლება პირდაპირი გავლენა მოახდინოს იმან თუ, როგორ და რამდენად ხშირად ჩნდებიან კონკრეტული პირები მედიაში.

დასვი კითხვები:

ვინ და რა არის ნაჩვენები პოზიტიური ან უარყოფითი კუთხით?

რატომ შეიძლება იყვნენ ეს ადამიანები ან საგნები ასე ნაჩვენები?

ვიზე ან რაზეა ზოგადად ყურადღება გამახვილებული?

რა დასკვნები შეიძლება გამოიტანოს აუდიტორიამ ამ ფაქტებზე დაყრდნობით?

5. მედიას აქვს უნიკალური გადმოცემის ფორმა

მედიის შინაარსი ნაწილობრივ დამოკიდებულია მედიის ბუნებაზე. ეს მოიცავს მედიის ტექნიკურ, კომერციულ და სიუჟეტის მოთხოვნებს: მაგალითად, ვიდეო თამაშების ინტერაქტიული ბუნება (თამაშან ერთად ისტორიის მოყოლა) იწვევს მოთხრობის სხვადასხვგვარ ფორმულირებას – და თამაშის შემქმნელების მიმართ ისეთ მოთხოვნილებებს აჩენს, როგორებიც ფილმებსა და ტელევიზიაში გვხვდება.

დასვი კითხვები:

რა ტექნიკას იყენებს მედიაპროდუქტი თქვენი ყურადღების მიქცევის მიზნით და მისი გზავნილის გადმოსაცემად?

რა ხერხებით ხდება მედიაში სურათების მანიპულირება (მაგალითად: განათება, ფერები, მაკიაჟი, კამერის კუთხე, ფოტოშიპი)?

რის გამო არის კონკრეტული მეთოდი შერჩეული (მაგალითად: ბეჭდური რეკლამა, სატელევიზიო დრამა, მუსიკალური ვიდეო) ?

წყარო:https://mediasmarts.ca/digital-media-literacy/general-information/digital-media-literacy-fundamentals/media-literacy-fundamentals