ყველაფრის მომცველი განმარტების მიღებასთან ერთად, მედიაწიგნიერების განათლება მოიცავს ძირითადი იდეების მთელ რიგ წყებას მედიის თავისებურების შესახებ. ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში, ყველა მნიშვნელოვანმა ორგანიზაციამ, რომელიც მედიაწიგნიერებას ეხება, ჩამოაყალიბა ძირითადი კონცეფციების ნაკრები, რათა აღწეროს ეს ძირითადი იდეები. მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტული ფორმულირება განსხვავებულია, ამ ექვს პუნქტზე არსებობს მკაფიო შეთანხმება:
ყველა მედიაშეტყობინება კონსტრუირებულია
განმარტების მიხედვით, მედიაშეტყობინებები არის გამოსახულებები, რომლებიც, ადამიანის გადაწყვეტილებებით, მედიატექნოლოგიების შეზღვუდვებითა და შესაძლებლობებით, იფილტრება. ეს ფუნდამენტური კონცეფცია ყურადღებას ამახვილებს არა მხოლოდ თავად შეტყობინებაზე, არამედ იმაზე, თუ ვინ დგას ამ შეტყობინების უკან და მისი შექმნის მიზანმიმართულ მეთოდზე.
თითოეულ საშუალებას აქვს განსხვავებული მახასიათებლები, სიძლიერე და კონსტრუქციის უნიკალური „ენა“
მედიის ყველა ტიპს აქვს საკუთარი „გრამატიკული“ წესების ნაკრები, რაც მას მომხმარებლისთვის გასაგებს ხდის. ნაბეჭდი ტექსტის გრამატიკა ნაცნობია: ქვემდებარე, შემასმენელი, წინადადებები, პარაგრაფები და სხვა. ვიზუალურ ტექსტში „ენის“ კომპონენტებია კამერის რაკურსი, შეპირისპირება და მოძრაობა. აუდიოტექსტების „ენა“ მოიცავს ხმოვან ეფექტებს, გახმოვანებას, ნოტების, დაყოვნებისა და დინამიკურობის მუსიკალურ „გრამატიკას“. ეს „ენები“ ზოგიერთ მედიასაშუალებას კონკრეტული საკომუნიკაციო ამოცანების შესრულებაში სხვებზე უფრო ეფექტიანს ხდის.
მედიაშეტყობინებები მზადდება კონკრეტული მიზნებისათვის
გაითვალისწინეთ, რომ ეს კონცეფცია იყენებს მრავალ მიზანს. ადამიანებს ხშირად ერთზე მეტი მიზეზი აქვთ მედიაშეტყობინების შესაქმნელად და მრავალი შეტყობინება იქმნება ადამიანთა გუნდის მიერ, რომელთაგან თითოეულს განსაკუთრებული მიზანი აკისრია.
ყველა მედიაშეტყობინება შეიცავს ჩანერგილ მნიშვნელობებსა და თვალსაზრისებს
აშკარაა, რომ მედიის შეტყობინებები ასახავს მწარმოებელთა გამოცდილებასა და ვარაუდებს, ასევე, საზოგადოებრივ ნორმებსა და მედიაკონვენციებს. მაგალითად, მიუხედავად იმისა, რომ ტანსაცმლის რეკლამის შინაარსი აშკარად ემსახურება ტანსაცმლის (ან ბრენდის) გაყიდვებს, კონკრეტული მოდელის არჩევა სხეულის ტიპის, სიმაღლის, წონის, ვარცხნილობის სტილის, თმისა და კანის ფერისა და ასაკისთვის ასევე გადმოსცემს აშკარა იდეებსა და კულტურულ შეხედულებებს სილამაზის შესახებ.
ადამიანები იყენებენ თავიანთ ინდივიდუალურ უნარებს, შეხედულებებს და გამოცდილებას მედიაშეტყობინებების საკუთარი მნიშვნელობების შესადგენად
აუდიტორია კომუნიკაციის პროცესის აქტიური მონაწილეა და რადგან ყველა ადამიანი განსხვავებულია, შეტყობინების ავტომატური ინტერპრეტაცია, რომელიც ყველასათვის ჭეშმარიტებას წარმოადგენს, შეუძლებელია. ხშირია დომინანტური საკითხავები (ანუ ინტერპრეტაციები, რომლებზეც უმრავლესობა თანხმდება) და, ასევე, შეიძლება არსებობდეს არაზუსტი ინტერპრეტაციები, რომლებიც დოკუმენტში მტკიცებულებებს არ ემყარება, მაგრამ სავსებით შესაძლებელია, რომ ორმა ადამიანმა ერთი და იგივე მედიატექსტის სხვადასხვა ინტერპრეტაცია მოახდინოს ისე, რომ ორივე მართალი იყოს. ეს საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მედიაწიგნიერების პედაგოგებისათვის. პედაგოგები ხშირად თვლიან, რომ მხოლოდ ასაკობრივი სხვაობის ბრალია ის, რომ მოსწავლეები არ ეთანხმებიან მათ ამა თუ იმ მედიატექსტის მნიშვნელობაში. სხვა ძირითადი განსხვავებები, რომლებიც გავლენას ახდენს მედიაშეტყობინებების ინტერპრეტაციაზე, შემდეგია: რასობრივი, ეთნიკური წარმომავლობა, კულტურა, გენდერული იდენტობა, სოციოეკონომიკური ფენა, გეოგრაფია (მაგ: სოფლის/ქალაქის ან რეგიონის), წინარე ცოდნა და პოლიტიკური პარტიის წევრობა.
მედიასა და მედიაშეტყობინებებს შეუძლიათ, გავლენა იქონიონ რწმენაზე, განწყობაზე, ღირებულებებზე, ქცევასა და დემოკრატიულ პროცესზე
აქვე უნდა ითქვას, რომ მედიის გავლენა მნიშვნელოვანია, მაგრამ ის არც აბსოლუტურია და არც ავტომატური. მედიაშეტყობინებებს შეუძლიათ, გავლენა მოახდინონ ადამიანებზე, მაგრამ ასე ყოველთვის არ ხდება. ზოგჯერ ადამიანები ყურადღებას არ აქცევენ და გვერდს უვლიან წყაროებს, რომლებიც მათთვის ნაკლებად მნიშვნელოვანი ან სანდოა. ზოგჯერ შეტყობინებები არ იძლევა შედეგს, რადგან ვერ აღწევს ბევრ ადამიანამდე, ხოლო როდესაც ადრესატამდე აღწევენ, მათი გავლენის წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია. ამის მიუხედავად, მედიაწიგნიერების განათლება ემყარება იმ ვარაუდს, რომ მედია მნიშვნელოვანია. ეს ძირითადი კონცეფციები ხელს უწყობს იმის გარკვევას, თუ რას ვგულისხმობთ მედიასაშუალებებში და წარმოადგენენ მედიაწიგნიერების განათლების ძირითადი პრინციპებს.
წყარო: http://tpdc.gov.ge/ptk_files/_ckuploaded/MediaLiteracy.pdf