თანამედროვე სამყაროში, რომელიც ინფორმაციის მიმოცვლის სწრაფი ტემპით ხასიათდება, მედიაწიგნიერება კრიტიკული აზროვნების განვითარების მძლავრი ინსტრუმენტია, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) კონტექსტში. მდგრადი განვითარების მიზნები გულისხმობს, 2015 წელს, გაეროს მიერ შემუშავებულ 17 გლობალურ მისწრაფებას, რომლებიც 2030 წლისთვის მსოფლიოს ყველაზე საჭირბოროტო სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების გადაჭრას ისახავს მიზნად.
SDGs ეხება სიღარიბის აღმოფხვრას, პლანეტის დაცვას, საყოველთაო კეთილდღეობასა და თანასწორობას და მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა სიღარიბის შემცირება, განათლება, გენდერული თანასწორობა, სუფთა წყალი და სანიტარია, ხელმისაწვდომი ენერგია, მდგრადი ქალაქები და დასახლებები, კლიმატის ცვლილებები, მშვიდობა და სამართლიანობა. უფრო ზოგადად კი, SDGs წარმოადგენს სახელმწიფოებს, სამოქალაქო საზოგადოებას, ბიზნეს სექტორსა და ინდივიდებს შორის გაზიარებულ მისწრაფებას, რომ ერთობლივი ძალისხმევით შექმნან უფრო მდგრადი და თანასწორი გარემო მომავალი თაობებისთვის. ამ მხრივ, მედიაწიგნიერება მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, რომ საზოგადოებამ აქტიური მონაწილეობა მიიღოს მდგრადი განვითარებისაკენ მიმართულ ძალისხმევაში.
მედიაწიგნიერება ნიშნავს მედიაშეტყობინებების კრიტიკული ანალიზისა და სხვადასხვა პლატფორმაზე ნავიგაციის უნარს. შესაბამისად, მედიაწიგნიერება ადამიანებს ასწავლის, რომ კრიტიკულად შეხედონ ნარატივებს, ამოიცნონ მიკერძოებული ინფორმაცია და გაფილტრონ სანდო წყაროები, რაც მედიაწიგნიერებას ინფორმირებული გადაწყვეტილების მისაღებად და აქტიური სამოქალაქო ჩართულობისათვის უმნიშვნელოვანეს საყრდენად აქცევს.
მედიაწიგნიერების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი როლი SDGs-ის მისაღწევად გახლავთ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და საჯარო დისკურსის სწორად წარმართვის ხელშეწყობა. ამბების თხრობით, საგამოძიებო ჟურნალისტიკითა და მულტიმედია კამპანიებით, მედია სააგენტოებს შეუძლიათ, საზოგადოების ყურადღება გლობალურ გამოწვევებზე მიმართონ და გახდნენ საზოგადოების გააქტიურების ინსპირაცია. განსხვავებული ხმებისა და შეხედულებების გაშუქებით კი, მედია ხელს უწყობს ემპათიის, სოლიდარობისა და კოლექტიური პასუხისმგებლობის გაზრდას მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად.
ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ მედიის საქმიანობას გამოწვევებიც ახლავს თან. მისინფორმაციის ეპოქაში, მედიაწიგნიერება სიცრუისა და მანიპულაციისაგან თავდაცვის აბჯარია. საზოგადოებისთვის ინფორმაციის კრიტიკულად შეფასების, ფაქტისა და გამოგონილი ამბის ერთმანეთისაგან გარჩევის და მედიაშეტყობინებების თანმდევი დღის წესრიგის ამოცნობის სწავლებით, მედიაწიგნიერება ახდენს მისინფორმაციის გავრცელების პრევენციას, რაც ხელს უწყობს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევას.
გარდა ამისა, მედიაწიგნიერება მხოლოდ პიროვნული უნარი არ არის, არამედ, იგი საზოგადო იმპერატივსაც წარმოადგენს. მედიაწიგნიერების ფორმალური განათლების სასწავლო პროგრამებში ინტეგრირებითა და არაფორმალურ განათლებაში დანერგვით, შეგვიძლია, რომ გავზარდოთ კრიტიკული მოაზროვნეებისა და პასუხისმგებლიანი მედიამომხმარებლების თაობა. შესაბამისად, მედიაწიგნიერების ინიციატივებში ინვესტირებით, მთავრობებს, სამოქალაქო საზოგადოებებსა და საგანმანათლებლო ინსტიტუტებს შეუძლიათ საზოგადოების მოწყვლადი ჯგუფების გაძლიერება, ციფრული უფსკრულის შევსება და ინფორმაციაზე დემოკრატიული წვდომის უზრუნველყოფა, რაც პირდაპირ კავშირშია SDGs-ის პრინციპთან - არავინ დავტოვოთ უკან.
წყარო: https://unesdoc.unesco.org/ark:/48223/pf0000234657