მედიაწიგნიერების განათლების პრინციპები
12 ივნ. 2024
1500 ნახვა

მედიაწიგნიერება განიმარტება, როგორც ინფორმაციაზე წვდომის, ანალიზის, შეფასების, შექმნისა და მოქმედების შესაძლებლობა, ნებისმიერი ტიპის საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით. მედიაწიგნიერების განათლება კი არის პროცესი, რომელიც ემსახურება ჩაძიებისა და თვითგამოხატვის უნარების განვითარებას და ადამიანებს კრიტიკულ მოაზროვნეებად, დაფიქრებულ კომუნიკატორებად და პასუხისმგებლიან მოქალაქეებად აქცევს.

ამერიკის მედიაწიგნიერების განათლების ეროვნულმა ასოციაციამ (NAMLE) შეიმუშავა მედიაწიგნიერების განათლების 10 პრინციპი, რომლის მიხედვითაც, მედიაწიგნიერების განათლება:

1. განავრცობს წიგნიერების ცნებას და მოიცავს მედიის ყველა ფორმას, რათა საზოგადოება დაფიქრებულ მედიამომხმარებლად და მედიაშემქმნელად აქციოს.

2. მიიჩნევს, რომ ყველა მოქალაქეს შეუძლია საკუთარი ცოდნის, უნარებისა და რწმენების გამოყენება ინფორმაციის გასაანალიზებლად.

3. ხელს უწყობს ისეთი სასწავლო პრაქტიკის განვითარებას, რომელიც პრიორიტეტს ანიჭებს თვითკრიტიკული ანალიზის უნარს ლოგიკაზე, არგუმენტირებულ მსჯელობასა და ფაქტებზე დაყრდნობით.

4. უბიძგებს მოსწავლეებს, რომ კრიტიკულად შეაფასონ მედიაშეტყობინებები, რომლებსაც ქმნიან, მოიხმარენ და აზიარებენ სხვადასხვა პლატფორმაზე.

5. ეფუძნება კრიტიკული აზროვნების უნარების მუდმივ განვითარებას, რაც ინტეგრირებული უნდა იყოს სხვადასხვა საგანში, ასაკისათვის შესაფერისი ფორმით.

6. მხარს უჭერს ჩართულობითი მედიაკულტურის განვითარებას, სადაც ადამიანებს აკისრიათ ეთიკური პასუხისმგებლობა  შინაარსის შექმნისა და გაზიარების პროცესში.

7. აცნობიერებს, რომ მედიაინსტიტუტები და კულტურული თუ კომერციული ორგანიზაციები არიან სოციალიზაციის, კომერციისა და ცვლილებების შემოქმედნი საზოგადოებაში.

8. აღიარებს, რომ ჯანსაღი მედიაგარემოს შექმნის პასუხისმგებლობა ეკისრება მედიას, ისევე, როგორც ტექნოლოგიურ კომპანიებს, ხელისუფლებასა და მოქალაქეებს.

9. ხაზს უსვამს კრიტიკული ანალიზის საჭიროებას მედიაინდუსტრიის გავლენის შესაფასებლად და, ასევე, იკვლევს, თუ რა გავლენა აქვს მედია მმართველობის ამა თუ იმ სისტემას, რაც შესაძლოა, რომ აისახოს თანასწორობაზე, ინკლუზიაზე, სოციალურ სამართლიანობასა და მდგრადობაზე.

10. აძლიერებს ინდივიდებს, რომ იყვნენ დემოკრატიული საზოგადოების ინფორმირებული, აქტიური და სოციალურად პასუხისმგებლიანი მონაწილეები.

წყაროhttps://namle.org/wp-content/uploads/2023/05/NAMLE-Principles-Final-2.1.jpg