სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის მედიაწიგნიერების სწავლება ნიშნავს ავუხსნათ, თუ როგორ გაიაზრონ ტელევიზიიდან, რადიოდან, ინტერნეტიდან, წიგნებიდან თუ სხვა წყაროებიდან მიღებული ინფორმაცია. ამისათვის, პირველ რიგში, მშობლებმა უნდა განუმარტონ შვილებს, რომ რასაც ხედავენ, ესმით ან ინტერნეტში კითხულობენ, არის ინფორმაცია. შემდეგ კი, შეგიძლიათ მედიაწიგნიერების საფუძვლების სწავლება, რაც ნიშნავს იმის გაცნობიერებას, რომ გადაცემები, ტექსტი, მუსიკა თუ სხვა სახის ინფორმაცია კონკრეტულმა ადამიანმა/ადამიანთა ჯგუფმა შექმნა გარკვეული მიზნით და რომ მსმენელს, მკითხველსა და მაყურებელს ინტერპრეტაციისა და რეაქციის შესაძლებლობა აქვთ.
ხშირად, სკოლამდელი ასაკის ბავშვები ფანტაზიასა და რეალურ სამყაროს ერთმანეთისაგან ვერ მიჯნავენ. მათთვის დამახასიათებელია გულუბრყვილობა და პერსონაჟებისადმი ემოციური კავშირი, რაც მედიაწიგნიერების უნარების შესწავლას მნიშვნელოვნად ართულებს. თუმცა, ჭარბი რეკლამირება, ასაკისათვის შეუფერებელი კონტენტი და მრავალფეროვანი ვიზუალური ინფორმაცია, რომელსაც ბავშვები იღებენ, მათში გაუგებრობას, დაბნეულობასა და შიშს იწვევს და, ამასთანავე, მანიპულაციისადმი მოწყვლად ჯგუფად აქცევს.
დაიწყეთ სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის მედიაწიგნიერების უნარების სწავლება ნებისმიერი მედიაკონტენტის გამოყენებით, სატელევიზიო რეკლამებიდან დაწყებული ფილმებით დამთავრებული. მიაჩვიეთ ისინი ინფორმაციაზე ფიქრსა და ლაპარაკს. გარდა ამისა, გამოიყენეთ იმ იდეების ვიზუალური მაგალითები, რომელთა სწავლებასაც ცდილობთ და გაჩერდით, როგორც კი მიხვდებით, რომ ისინი მზად არ არიან საკუთარი წარმოსახვითი სამყაროს დასათმობად.
დაიწყეთ იმით, რაც იციან. გამოიყენეთ ის იდეები, რაც იციან, რომ წარმოსახვითია. მაგალითად, მონსტრები ან სხვა ფანტაზიური ქმნილებები. აუხსენით, თუ რატომ არ არიან ეს ქმნილებები რეალური და რომ ისინი ჩვენ შევქმენით.
შეუსაბამეთ მათი მედია რეალურ სამყაროს. როდესაც პერსონაჟის ქმედება შეესაბამება ცხოვრებისეულ სცენას, გაავლეთ პარალელი რეალურ სამყაროსთან.
შეადარეთ და განასხვავეთ. გამოიყენეთ ნივთები, რომლებსაც იცნობენ, მაგალითად, სათამაშოები ან საჭმლის შეფუთვა და სთხოვეთ ბავშვებს, ახსნან მსგავსება და განსხვავება ყუთის შიგთავსსა და მის გარეგნულ მახასიათებლებს შორის.
ილაპარაკეთ მედიასა და რეალობას შორის არსებულ განსხვავებებზე. როდესაც ერთად კითხულობთ ან ტელევიზორს უყურებთ, დასვით კითხვა - რა მოხდებოდა, თუკი ვინმე მართლაც გააკეთებდა იმას, რაც წიგნსა თუ გადაცემაშია ასახული.
იხელმძღვანელეთ შემდეგი კითხვებით:
სატელევიზიო გადაცემები: „რის შესახებ არის?“; „რა დაინახე ან გაიგონე, რამაც ასე გაფიქრებინა?“
რეკლამები: „ამოიცანი რომელიმე შენი „მეგობარი“ (მათთვის ცნობილი პერსონაჟი)?“; „რა გითხრეს?“
ზღაპრები: „ვინ ყვება ამბავს?“; „საიდან იცი?“
ფილმები: „რა მოხდა სიუჟეტში?“; „რა იფიქრე ამაზე?“
ონლაინ თამაშები: „რა მოხდა, როცა ბმულზე დააკლიკე?“; „გაიგე თუ არა რამე ხმა, როდესაც დააკლიკე?“
პროდუქტის შეფუთვა: „რა სურათია გამოსახული ყუთზე?“; „ემთხვევა თუ არა შიგთავსი მასზე გამოსახულ ფიგურას?“
ყველა ზემოთჩამოთვლილი: „პერსონაჟი/სათამაშო/ობიექტი ახლოდან არის ნაჩვენები თუ შორიდან?“ „რატომ?“
ყველა ზემოთჩამოთვლილი: „როგორ იგრძენი თავი?“ „რამ გაგრძნობინა თავი ასე?“
წყარო: https://www.commonsensemedia.org/articles/how-do-i-start-teaching-media-literacy-to-my-preschooler