როგორ გამოვიყენოთ მშობელთა კონტროლი შვილების უსაფრთხოებისთვის
19 მარ. 2024
851 ნახვა

მშობელთა კონტროლი გულისხმობს ნსტრუმენტების, ფუნქციების და პროგრამული პარამეტრების ერთობლიობას, რომელიც ეხმარება მშობლებს, თვალყური ადევნონ და გააკონტროლონ შვილების წვდომა ციფრულ მოწყობილობებზე, ინტერნეტსა და სხვადასხვა შინაარსზე. მშობელთა კონტროლის უპირველესი მიზანი არის ბავშვებისა და მოზარდებისთვის უსაფრთხო ონლაინ გარემოს შექმნა, მათი დაცვა პოტენციურად მავნე ან ასაკისთვის შეუსაბამო შინაარსისგან, ეკრანთან გატარებული დროის მართვა და პასუხისმგებლიანი ციფრული ქცევის ხელშეწყობა.

მშობელთა კონტროლის ფუნქციები შეიძლება გამოვიყენოთ სხვადასხვა მოწყობილობზე, მათ შორის, კომპიუტერებზე, სმარტფონებსა და პლანშეტებზე. ეს ფუნქცია ყველაზე ხშირად შემდეგი დანიშნულებით გამოიყენება:

 

1. შინაარსისა და თამაშების/აპლიკაციების გაფილტვრა;

2. დროის შეზღუდვა;

3. ონლაინ ქცევის მონიტორინგი;

4. ადგილმდებარეობის განსაზღვრა.

 

დღესდღეობით, მრავალი სოციალური ქსელი, თამაში და აპლიკაცია მოიცავს მშობელთა კონტროლის ფუნქციას. მაგალითად, TikTok- აქვს ოჯახის წევრთა ანგარიშების დაკავშირების ფუნქცია, რაც მშობელს შესაძლებლობას აძლევს, გააკონტროლოს, თუ რა დროს ატარებს ბავშვი ამ პლატფორმაზე, რა სახის შინაარსს მოიხმარს და როგორია მისი კონფიდენციალურობის პარამეტრები.

კიდევ ერთი მაგალითია YouTube Kids, რომელიც YouTube-ის გაფილტრულ ვერსიას წარმოადგენს და მშობელს იმის შესაძლებლობას აძლევს, რომ სხვადასხვა ანგარიში შეუქმნას თითოულ ბავშვს. პლატფორმა ბავშვებისთვის ხელმისაწვდომი შინაარსის გასაფილტრად რამდენიმე მეთოდს იყენებს, მათ შორის, ადამიანურ და ავტომატურ ფილტრსა და მშობელთა უკუკავშირს. ასევე, თითოულ მშობელს შესაძლებლობა აქვს, რომ თავად დაეთანხმოს ან დაბლოკოს ამა თუ იმ ვიდეოს ყურების მოთხოვნა და დააწესოს დროის შეზღუდვა.

მშობელთა კონტროლის ფუნქციაზეა დაფუძნებული Facebook-ის აპლიკაცია Messenger Kids-იც, რომელიც მშობელს იმის საშუალებას აძლევს, რომ აკონტროლოს ბავშვების კონტაქტების სია და აქტივობა. აღსანიშნავია, რომ პლატფორმაზე რეგისტრაცია არ მოითხოვს Facebook-ის დამოუკიდებელ ანგარიშს. ამასთანავე, მნიშვნელოვანია ისიც, რომ Messenger Kids არ იყენებს რეკლამებს და არ სთავაზობს ბავშვებს სავაჭრო ოპერაციებში მონაწილეობას.

მიუხედავად მშობელთა კონტროლის ხელსაწყოების ეფექტურობისა, მნიშვნელოვანია ისიც, რომ მშობლებმა ღიად ისაუბრონ შვილებთან ონლაინ უსაფრთხოების წესების, ინტერნეტის სარგებლიანი გამოყენების მეთოდებისა და დანერგილი შეზღუდვების საჭიროების შესახებ. აუცილებელია, რომ მონიტორინგი დავაბალანსოთ ბავშვებისადმი ნდობითა და განათლებით, რათა  უზრუნველვყოთ ჯანსაღი ციფრული გარემო.

წყარო: https://www.esafety.gov.au/sites/default/files/2021-04/Parental%20controls%20in%20social%20media%2C%20games%2C%20and%20apps.pdf