Childnet International-მა შეიმუშავა სახელმძღვანელო რესურსი პედაგოგებისთვის, რომელიც შეიცავს პრაქტიკულ რჩევებსა და სასწავლო აქტივობებს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებთან ონლაინ უსაფრთხოებაზე სასაუბროდ. STAR კონცეფცია გულისხმობს ყოვლისმომცველ სასწავლო ინსტრუმენტს, რომელიც პედაგოგებს ეხმარება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ახალგაზრდების ინფორმირებაში ინტერნეტის გამოყენებასთან დაკავშირებული საფრთხეებისა და თავდაცვის მექანიზმების შესახებ.
მრავალი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწვალისთვის ინტერნეტი ის ადგილია, სადაც თავს გრძნობს უსაფრთხოდ და მშვიდად. ინტერნეტი არის შესაძლებლობა, შეიძინონ ახალი სამეგობრო წრე, რომელიც რეალურ ცხოვრებაში შეიძლება არ ჰყავდეთ. მიუხედავად იმისა, რომ ინტერნეტი მნიშვნელოვანი შემეცნებითი რესურსია ახალგაზრდებისთვის, ონლაინ ცხოვრება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებისთვის შესაძლოა დამატებით გამოწვევებთან იყოს დაკავშირებული, რაც განსაკუთრებულ სიფრთხილესა და ყურადღებას საჭიროებს.
მიუხედავად იმისა, რომ STAR ინსტრუმენტი შეიქმნა მე-3 და მე-4 კლასის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის, რესურსის ადაპტირება შესაძლებელია სხვა ასაკობრივი კატეგორიის (11-16 წლის) მოზარდებთან სამუშაოდაც. გარდა ამისა, რესურსი შესაძლოა გამოადგეთ იმ მოზარდებსაც, რომლებსაც არ აქვთ განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროებები, თუმცა სურთ მედიაწიგნიერების კომპეტენციების განვითარება ორგანიზებული სასწავლო მასალების გამოყენებით.
STAR კონცეფცია 4 ნაწილისგან შედგება და შემდეგნაირად იშიფრება:
- S(afe) უსაფრთხოება - გაითვალისწინეთ უსაფრთხოების ზომები, როდესაც ონლაინ აზიარებთ თქვენს პირად ან სხვა ადამიანის შესახებ ინფორმაციას!
- T(rust) ნდობა - გახსოვდეთ, რომ ყველა და ყველაფერი არ არის სანდო ონლაინ სივრცეში!
- A(ction) მოქმედება - იყავით პოზიტიური და ყოველთვის თქვით, თუ რამე გაწუხებთ ან გაღიზიანებთ!
- R(espect) პატივისცემა - იყავით კეთილი და გულისხმიერი ონლან სივრცეში, ისევე, როგორც რეალურ ცხოვრებაში!
თითოული ნაწილი მოიცავს, რჩევას, ლექსიკონს, მოკლე ვიდეოს, სადისკუსიო და სასწავლო საკითხებს, შემაჯამებელ ქვიზსა და დამატებით საინფორმაციო მასალას, როგორც მოსწავლეების, ასევე, მათი მშობლებისთვის. ვიდრე STAR-ის აქტივობებისა და სადისკუსიო თემების განხილვას დაიწყებთ, საჭიროა თქვენს მოსწავლეებს აუხსნათ, თუ რა არის ინტერნეტი, ვის შეიძლება შეხვდე ონლაინ, როგორ გამოიყენება ემოციის გამომხატველი სიმბოლოები (emoji) კომუნიკაციაში, რას ნიშნავს საჯარო და პირადი ონლაინ სივრცე და რამდენ ხანს ინახება ინფორმაცია ინტერნეტში. ამასთანავე, აუხსენით მოსწავლეებს, თუ როგორ ამოიცნონ ადრეული მაფრთხილებელი ნიშნები - ჩვენი სხეულისა და ემოცების ცვლილება, რაც გვაძლევს სიგნალს, რომ ესა თუ ის სიტუაცია თავს არაკომფორტულად გვაგრძნობინებს.
SAFE - როდესაც საქმე ონლაინ უსაფრთხოებას ეხება, აუცილებელია ავხსნათ, თუ რისი გაზიარება შეიძლება და არ შეიძლება ონლაინ. განსაკუთრებით, აუტისტი მოზარდების შემთხვევაში, რომლებიც ძალიან მიმნდობნი არიან, რაც შესაძლოა იქამდე მივიდეს, რომ მარტივად გაუზიარონ ინფორმაცია, სურათები და ვიდეოები უცხო პირებს ონლაინ სივრცეში. იქიდან გამომდინარე, რომ ინტერნეტი საკმაოდ ბუნდოვანია და არ არსებობს უნივერსალური წესი, რომელიც ყველა სიტუაციაში იმუშავებს, ხშირად, თავად გვიწევს სიტუაციის განსჯა და რისკის შეფასება. განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოზარდებს კი, დახმარება სჭირდებათ არა მხოლოდ უცხოსა და ნაცნობის გარჩევაში, არამედ იმის გაფილტვრაშიც, თუ რისი გაზიარება შეიძლება და რისი არა, მათ შორის პირადი ან სხვისი მონაცემების, სურათებისა და ვიდეოების.
TRUST - ინტერნეტში ნაპოვნი ინფორმაციის სანდოობაში გარკვევა ყველა ჩვენგანისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა. თუმცა, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოზარდებისთვის, რომლებიც ბევრად უფრო მიმნდობნი არიან და პირდაპირ იგებენ სათქმელს, განსაკუთრებით რთულია უწყვეტ ინფორმაციულ ნაკადში ნავიგაცია. ამდენად, აუცილებელია ყურადღების გამახვილება ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა ყალბი ინფორმაცია, რეკლამები, დამუშავებული კონტენტი და იდენტობის გაყალბება.
ACTION - განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებს დამატებითი ახსნა-განმარტება სჭირდებათ იმის გასააზრებლად, თუ რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს მათ ონლაინ ქცევას და თუ როგორ დაიცვან თავი, საჭიროების შემთხვევაში. ამდენად, ამ კონტექსტში, მნიშვნელოვანია გააცნოთ უსაფრთხოების წესები, ინტერნეტის სარგებლიანად გამოყენების გზები და აუხსნათ, თუ ვის მიმართონ დახმარებისთვის და რა ფორმით.
RESPECT - დაბოლოს, მეოთხე ნაწილში ძირითადი აქცენტი კეთდება ონლაინ მეგობრობაზე, კონფლიქტსა და კიბერბულინგზე. სპეციალური საგანმანათლებლო საჭროების მქონე მოზარდებისთვის ბოროტი და სიძულვილის შემცველი ქმედებები განსაკუთრებით საზიანოა. მეტიც, ასეთ მოზარდებს სჭირდებათ საფუძვლიანი ახსნა-განმარტება, თუ როგორ აისახება მათი ქმედება სხვებზე. ამიტომაც, აუცილებელია პატივისცემის მნიშვნელობაზე საუბარი და მოწოდება, რომ გამოიჩინონ გულისხმიერება ონლაინ ცხოვრებაში.
წყარო: STAR SEND Toolkit | Childnet