ციფრული კომპანიების როლი დეზინფორმაციის და მისინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლაში (Meta, Google, TikTok მიდგომები)
31 მარ. 2025
19 ნახვა

თანამედროვე ციფრულ ეპოქაში, დეზინფორმაციის და მისინფორმაციის გავრცელება ერთ-ერთ უმთავრეს საზოგადოებრივ გამოწვევად იქცა. ყალბი ამბები, მცდარი ინფორმაცია და მანიპულაციური შინაარსი სწრაფად ვრცელდება სოციალურ ქსელებში, რაც მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ პროცესებს. ამ ფონზე, ციფრულ გიგანტებს (Google, Meta, TikTok) განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრიათ დეზინფორმაციისა და მისინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლაში.
Google-ს მიდგომა
Google, როგორც მსოფლიოს უმსხვილესი საძიებო სისტემა და YouTube-ის მფლობელი, ინფორმაციის ეკოსისტემის ფორმირებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. საძიებო ალგორითმების მუდმივი განახლებით და გაუმჯობესებით, Google უპირატესობას ანიჭებს სანდო წყაროებს და ამცირებს მცდარი ინფორმაციის ხილვადობას. YouTube-ის “საინფორმაციო პანელები“ კი საკვანძო თემებზე (საარჩევნო პროცესები, კლიმატის ცვლილება, სხვ.) დამატებით კონტექსტს სთავაზობს მომხმარებლებს. გარდა ამისა, „Google News Initiative“, რომელიც $300 მილიონიანი პროგრამაა, პროფესიონალური ჟურნალისტიკის მხარდაჭერას ემსახურება. ბავშვებისა და ახალგაზრდების, ასევე მასწავლებლებისა და მშობლების მედიაწიგნიერებისა და პრაქტიკული უნარების განვითარების მიზნით კი, კომპანიამ შექმნა „Be Internet Awesome“ პროექტი, რომელიც მოიცავს მრავალფეროვან, ინტერაქტიულ საგანმანათლებლო რესურსებსა და 3D თამაშს.
Meta-ს მიდგომა
კომპანია დამოუკიდებელ ფაქტების გადამოწმების ორგანიზაციებთან თანამშრომლობს, რაც მცდარი ინფორმაციის გავრცელებას ზღუდავს (თუმცა, 2025 წელს კომპანიამ აღნიშნული პროგრამა აშშ-ში შეაჩერა). პლატფორმამ შექმნა “გამჭვირვალობის ცენტრები,” სადაც მომხმარებლებს შეუძლიათ ნახონ, ვინ დგას სარეკლამო კამპანიების უკან. ხელოვნური ინტელექტის სისტემები აქტიურად იყენებენ ალგორითმებს დიფ-ფეიკებისა და მანიპულირებული ინფორმაციის იდენტიფიცირებისთვის. ამასთან, Meta რეგულარულად ბლოკავს ათასობით ყალბ ანგარიშს, რაც პლატფორმაზე სანდო ინფორმაციის გავრცელებას ხელს უწყობს.
TikTok-ს მიდგომა
TikTok-მა, როგორც შედარებით ახალმა პლატფორმამ, შექმნა „გამჭვირვალობის ცენტრები“, სადაც ექსპერტები, მკვლევრები და არასამთავრობო ორგანიზაციები TikTok-ის შინაარსის მოდერაციის პროცესს აკვირდებიან. გარდა ამისა, კომპანია ვიდეო ვერიფიკაციის ტექნოლოგიებს ავითარებს, რაც დიფ-ფეიკებისა და მანიპულაციური ინფორმაციის ამოცნობას უზრუნველყოფს. ასევე, TikTok ფოკუსირებულია მედიაწიგნიერების შესახებ ცნობიერების ამაღლებაზე. მათი კამპანია #FactCheckYourFeed მილიონობით მომხმარებელს დაეხმარა კრიტიკული აზროვნების განვითარებაში და მცდარი ინფორმაციის ამოცნობაში.
აღნიშნული საკითხის ირგვლივ საგულისხმოა, რომ ევროკავშირის ციფრული სერვისების აქტი (DSA) ზემოაღნიშნულ კომპანიებს მნიშვნელოვან ჩარჩო-პასუხისმგებლობას აკისრებს დეზინფორმაციასთან ბრძოლასა და სხვა საკვანძო საკითხების კუთხით.
წყაროები:
- https://safety.google/intl/en_uk/stories/fighting-misinformation-online/
- https://beinternetawesome.withgoogle.com/en_us
- https://transparency.meta.com/features/approach-to-misinformation
- https://www.tiktok.com/safety/en/harmful-misinformation-guide
- https://commission.europa.eu/strategy-and-policy/priorities-2019-2024/europe-fit-digital-age/digital-services-act_en
მეტი ამ კატეგორიიდან