ხელოვნური ინტელექტი და განათლება
14 მარ. 2024
683 ნახვა

კრიტიკული ხედვა ადამიანის უფლებების,

დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის

პერსპექტივიდან

 

იხილეთ სრული ვერსია 

მოკლე აღწერა

ხელოვნური ინტელექტის როლი განათლების პროცესში დღითიდღე იზრდება, რომლისთვისაც ნიშანდობლივია, როგორც ახალი შესაძლებლობები, ისე გამოწვევები. ევროპის საბჭოს მიერ 2022 წელს გამოქვეყნდა ანგარიში „ხელოვნური ინტელექტი და განათლება“. ქართული გამოცემა მომზადდა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და პროგრამა eTwinning-ის მხარდაჭერთ. ანგარიშის მიზანია ამ ორ ფენომენს შორის კავშირის პოვნა. აღნიშნულ კონტექსტში წარმოდგენილია ხელოვნური ინტელექტის განსაზღვრება, მისი როლი სწავლა-სწავლების პროცესში, რათა დაცული იყოს ადამიანის უფლებები, დემოკრატია და კანონის უზენაესობა.

ევროსაბჭოს მიერ მომზადებულ დოკუმენტში განხილულია ზემოთ აღნიშნული ორი ცნების ურთიერთკავშირისთვის დამახასიათებელი გამოწვევები მოსწავლეებთან მიმართებაში,  როგორებიცაა: პედაგოგიკა, თანასწორობა და ინკლუზია, მოსწავლის მოქმედების თავისუფლება, კონფიდენციალობა და კოგნიტური განვითარება. ასევე, ყურადღება გამახვილებულია ხელოვნური ინტელექტის ეთიკაზე, რომელიც გულისხმობს „ტექნოლოგიების დაპროექტების, იმპლემენტაციისა და გამოყენების უკან მდგომი ადამიანების ეთიკურობას (მაგ. კონფიდენციალურობას, გამჭვირვალობას და ა.შ). აკადემიური წყაროების მეშვეობით ხაზგასმულია ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების შექმნის საფუძველი, რომელიც უმეტეს წილად წარმოდგენილია კომერციული „მოთამაშეების“ მიერ,  იშვიათად ემყარება დადასტურებულ, პედაგოგიურ საჭიროებებს და  ბოლოს, საგანმანათლებლო სფეროში გამოყენებისას, ხელოვნური ინტელექტი საჭიროებს ტექნიკური კომპეტენციების გარკვეულ დონესა და ლინგვისტურ უნარებს, რამაც შესაძლოა კიდევ უფრო „გააღრმავოს“ სხვადასხვა სოციალურ ჯგუფებს შორის უთანასწორობა.

ანგარიშის დასკვნით ნაწილში მოცემულია ხელოვნური ინტელექტის არაერთი ინსტრუმენტი, როგორებიცაა, Alef, ALEKS, Alta, AmritaCREATE, Area9, ASSISTments, Better Marks, Byjus და ა.შ. რომელთა გამოყენების მიზანი მოსწავლეების აზროვნებაზე, ცოდნის შეფასებაზე  გავლენის მოხდენაა.

დოკუმენტი ხაზს უსვამს ხელოვნურ ინტელექტსა და განათლებას შორის არსებული მრავალფეროვანი კავშირების უკეთ გაცნობიერების მნიშვნელობას, ამასთანავე, ყურადღებას ამახვილებს აღნიშნული კავშირის უკეთ შესასწავლად ახალი მტიცებულებების ჩამოყალიბებაზე, საგაკვეთილო პროცესში ინტეგრირებამდე ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების ტესტირების მნიშვნელობაზე, სასკოლო და უწყვეტი განათლების კურიკულუმებში ხელოვნური ინტელექტის ადამიანური და ტექნოლოგიური ასპექტებს ასახვაზე.