ComCom-ის მედიალაბში მედიაწიგნიერების გლობალური ჰაკათონი ჩატარდა
29 ოქტ. 2023
705 ნახვა
მედია და ინფორმაციული წიგნიერების კვირეული

კომუნიკაციების კომისიის მედიალაბმა, მედია და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეულის ფარგლებში, ახალგაზრდებისთვის მედიაწიგნიერების გლობალური ჰაკათონი გამართა, რომელიც მიზნად მედიაწიგნიერების გარშემო არსებული გამოწვევებისა და მათი გადაჭრის ინოვაციური გზების აღმოჩენას ისახავდა. ჰაკათონში მონაწილეობას 10 გუნდი იღებდა, რომლებმაც, პროფესიონალი ტრენერებისა და მენტორების დახმარებით, ედ-ტექის, ყალბი ინფორმაციისგან თავდაცვისა და ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის საკითხების შესახებ ბიზნესპროექტები შეიმუშავეს. გამარჯვებულ გუნდებს კომუნიკაციების კომისიამ 5000, 2000 და 1000 ლარის ოდენობის ჯილდო გადასცა.

საქართველოს ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სააგენტოსთან (GITA) პარტნიორობით გამართული ოთხდღიანი ჰაკათონი 26 ოქტომბერს, მონაწილე გუნდებისთვის თემებისა და წესების წარდგენით დაიწყო, სადაც მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით ComCom-ის მედიაწიგნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა, მარიამ დახუნდარიძემ, ComCom-ის მედიააკადემიის ხელმძღვანელმა, შორენა შავერდაშვილმა, ასევე, GITA- პროექტების ხელმძღვანელმა, ზურაბ ძიძიგურმა და ComCom-ის მედიალაბის ხელმძღვანელმა, რუსუდან ჩაჩანიძემ მიმართეს. გახსნითი ნაწილის შემდგომ, ჩატარდა ტრენინგები ჰაკათონის სპეციფიკის, იდეის დახვეწისა და პროტოტიპის შექმნის შესახებ, რომელსაც ტექნიკური მეწარმეობისა და ინოვაციების განვითარების ცენტრის უფროსი, ავთანდილ მღებრიშვილი გაუძღვა, რის შემდეგაც, VRex Immersive-ის დირექტორმა, ნიკოლოზ გოგოჭურმა, ახალგაზრდებს იდეის ეფექტურად წარდგენის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

27 ოქტომბერს, მონაწილე გუნდები დამოუკიდებლად, ჰიბრიდულ რეჟიმში მუშაობდნენ. ხოლო მომდევნო დღეს, გუნდებს თავიანთი საჭიროებების მიხედვით, ჩაუტარდათ პერსონალური ტრენინგები. ამასთან ერთად, მონაწილეებთან მუშაობდნენ მენტორებიც, რომლებიც მათ სტარტაპიდეების დახვეწაში ეხმარებოდნენ და პროექტების შემუშავებისას, საჭირო რჩევებს აძლევდნენ.

ჰაკათონის ბოლო დღეს, გუნდებმა თავიანთი ბიზნესპროექტები ჟიურის წევრებს წარუდგინეს, რომელთა შემადგენლობაშიც, ComCom-ის მედიაწიგნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსი, მარიამ დახუნდარიძე, ISOC Georgia Chapter-ის ვიცე თავმჯდომარე, ქეთევან რეხვიაშვილი და GITA- პროექტების ხელმძღვანელი, ზურაბ ძიძიგური იყვნენ. პრეზენტაციების დასრულების შემდეგ, კომპეტენტურმა ჟიურიმ გამარჯვებული გუნდები გამოავლინა, რომელთაც კომუნიკაციების კომისიამ 5000, 2000 და 1000 ლარის ოდენობის ჯილდო გადასცა.

პირველი ადგილი Easy Verify-ის ერგო, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით, მომხმარებელს ინფორმაციის ავთენტურობის დადგენაში ეხმარება. მეორე ადგილზე პლატფორმა Befacto გავიდა, რომელიც პირადი ინფორმაციის დაცვის მიზნით, ამა თუ იმ ვებ-გვერდზე შესვლისას, წესების და პირობების შეჯამებულ ვერსიას გვთავაზობს. მესამე ადგილი კი, სკოლის მოსწავლეებში სამოქალაქო და უსაფრთხოების საკითხების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით შექმნილმა, ვიდეო თამაშზე დაფუძნებულმა პლატფორმა MkvlevR-მა დაიკავა.

მედია და ინფორმაციული წიგნიერების კვირეული კომუნიკაციების კომისიამ 24 ოქტომბერს, ფორმალურ განათლებაში მედიაწიგნიერების ინტეგრირების მიზნით, მასწავლებლებთან შეხვედრით გახსნა. მოგვიანებით, სკოლებში მედიაწიგნიერების დღე აღინიშნა, რაც ლინდა ლიუკასის პედაგოგებთან შეხვედრით და მედიაწიგნიერების გლობალური ჰაკათონით გაგრძელდა. სპეციალურად კვირეულისთვის, კომუნიკაციების კომისიამ საქართველოში მედიაწიგნიერების საერთაშორისო ექსპერტი და ამერიკელი პროფესორი რენე ჰობსი ჩამოიყვანა, რომელიც სტუდენტებისთვის საჯარო ლექციას ჩაატარებს. მედია და ინფორმაციული წიგნიერების კვირეული 31 ოქტომბერს, შემაჯამებელი კონფერენციით დაიხურება, სადაც მონაწილეობას განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, გაეროს, ევროკავშირის, UNICEF-ისა და მსოფლიო ბანკის ხელმძღვანელი პირები, Ofcom-ის წარმომადგენელთან ერთად მიიღებენ.

შეგახსენებთ, რომ ComCom-ის მედია და ინფორმაციული წიგნიერების კვირეული 2021 წელს გაეროს მიერ მიღებული რეზოლუციის ფარგლებში ტარდება და საზოგადოებაში მედიაწიგნიერებისა და მისი მნიშვნელობის შესახებ, ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.