მედიაში წარმოდგენილი ყველა ახალი ამბის ისტორია ინტერვიუერთა, მწერალთა, ფოტოგრაფთა თუ რედაქტორთა დამოკიდებულებების, ვარაუდებისა და გამოცდილებების ჩარჩოში ექცევა. ეს ყოველთვის მიზანმიმართულად არ ხდება. თუმცა, იმისათვის, რომ უფრო ყურადღებიანი მკითხველი და მაყურებელი გავხდეთ, უნდა გავიაზროთ შემდეგი ჟურნალისტური ტექნიკების მნიშვნელობა:
ამბავი და წყაროს შერჩევა
ვიდრე კონკრეტული გამოსახულების ან სიტყვის მნიშვნელობაზე ვისაუბრებთ, უნდა აღვნიშნოთ, რომ მიკერძოება ამბის შერჩევის პროცესშიც ხდება. როგორც წესი, ახალი ამბების სააგენტოები საკუთარი აუდიტორიის ინტერესებს ერგებიან - ადგილობრივი მედია წერს ადგილობრივ სიახლეებზე, გარემოს დაცვის ორგანიზაცია კი, კლიმატთან დაკავშირებულ ამბებს აშუქებს, რაც სრულიად ბუნებრივია. თუმცა, მაინც მიკერძოებად ითვლება. ზოგჯერ, დამფინანსებლებიც იღებენ მონაწილეობას ინფორმაციის/სპიკერების გაფილტვრასა და შერჩევაში. შედეგად კი, ხშირად, სოციალურად მიუღებელი ნარატივები მედიის ყურადღების მიღმა რჩება.
კითხვის დროს, აუცილებელია, ვიყოთ კრიტიკული და დავსვათ კითხვა, არის თუ არა ამბის ყველა მხარე წარმოდგენილი და, თუ არა, რა მიზეზით ან რა მიზნით. სრული სურათის წარმოსადგენად მნიშვნელოვანია ყველა მხარის პოზიციის წარმოჩენა. ამისათვის კი, მედიამ საზოგადოების ყველა შრე უნდა მოიცვას.
მედიაპროდუქტის შექმნა
ამბის თხრობის დროს, მედიის შემქმნელის მიერ შერჩეული ენა და გამოსახულებები შესაძლებელია მიკერძოებული იყოს. ეს ხდება, როგორც გამიზნულად, ასევე, გაუაზრებლად. მიკერძოების ყველაზე გავრცელებული სახეებია სიტყვების გამოყენება უარყოფითი კონოტაციით, ცნობილი სახეების დამაკნინებელი/შეურაცხმყოფელი ფოტოების გასაჯაროება, ჩარჩოდან/კონტექსტიდან მნიშვნელოვანი დეტალების ამოჭრა და სხვა.
დამუშავება
ყველას გვინახავს სახელწოდებები - „არ დაიჯერებთ…”, „10 გასაოცარი მიზეზი იმისა, რომ…” - ფრთხილად, ეს სატყუარაა! სამყაროში, სადაც ინფორმაციას კონკურენციის გავლა უწევს ჩვენი ყურადღების მოსაპოვებლად, მაღალი რეპუტაციის მქონე ახალი ამბების სააგენტოებმაც შეიძლება დაიწყონ ასეთი მიკერძოებული სათაურების გამოყენება ჩვენი ემოციებით მანიპულირების მიზნით. შესაბამისად, ხშირად ვხვდებით ერთი და იმავე ამბის შესახებ სრულიად განსხვავებულ სათაურებს სხვადასხვა მედიის ობიექტივში, რაც ჩვენს თვალში კონკრეტული შთაბეჭდილების შექმნას ემსახურება.
გავრცელება და „ფილტრის ბუშტი”
ხშირად, ინფორმაციას ციფრული პლატფორმებიდან მოვიხმართ. ალგორითმები და პერსონალიზაციის სისტემა კი, განსაზღვრავს ინფორმაციის იმ ნაკადს, რასაც ვხედავთ და ვერ ვხედავთ ონლაინ სივრცეში. კვლავაც შესწავლის საგანია, თუ რა როლი აქვს მიკერძოებას ალგორითმულ სისტემებში. თუმცა, ალბათ, გსმენიათ ტერმინი „ფილტრის ბუშტი”, რაც გამოხატავს იდეას, რომ ინტერნეტში თითოული ჩვენგანი მიკერძოებული ინფორმაციით ვართ გარშემორტყმული. ასეთ დროს, მნიშვნელოვანია, სწორად შევძლოთ მიკერძოების სხვადასხვა სახის ამოცნობა და გათვალისწინება გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
წყარო: https://mediasmarts.ca/sites/mediasmarts/files/pdfs/lesson-plan/Lesson_Bias_News_Sources.pdf