ქლიქბეითი (Clickbait): ყურადღების მიპყრობის ხელოვნება ციფრულ სამყაროში
20 ნოე. 2024
115 ნახვა

დღესდღეობით, ტერმინი ქლიქბეითი (Clickbait) სენსაციური, გაზვიადებული ან შოკისმომგვრელი სათაურების სინონიმი გახდა. აღნიშნული სიტყვა ციფრული შინაარსის შექმნის პრაქტიკას გულისხმობს, რომელიც ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, მედიამომხმარებლის ყურადღებას შეცდომაში შემყვანი სტატიის სათაურით ან/და ვიზუალიზაციით იქცევს. ეს არის ონლაინ მანიპულაციის ერთ-ერთი გავრცელებული ფორმა, რომელიც ადამიანების ცნობისმოყვარეობას ბოროტად იყენებს და მათ ბმულზე გადასვლისკენ უბიძგებს. რაც უფრო მეტი ადამიანი გახსნის სტატიას, ვიდეოს ან სურათს, მით მეტ შემოსავალს იღებს ავტორი.

ქლიქბეითის მაგალითები ინტერნეტში ფართოდ არის გავრცელებული, მაგალითად “გადადი ბმულზე და გაიგე როგორ გამდიდრდე ერთ კვირაში”, “სილამაზის საიდუმლოები, რომლებიც ყველა ქალმა უნდა იცოდეს (მეოთხე გაგაოცებს!)”, “გახსენი სტატია და გაიგე რა გელის ხვალ” და სხვ. საგულისხმოა, რომ მზარდი ინფორმაციული ნაკადისა და კონკურენციის პირობებში არაერთი მედიაპლატფორმა იყენებს ქლიქბეითის მეთოდს, რათა მათი მედიაპროდუქტი სხვებისგან გამოირჩეოდეს.

ქლიქბეითის საფრთხეები მრავალმხრივია:

დეზინფორმაციის და მისინფორმაციის გავრცელება

ქლიქბეითი ხშირად ავრცელებს არასწორ ან გადაუმოწმებელ ინფორმაციას, რაც ხელს უწყობს ყალბი ამბების გავრცელებას

მედიის მიმართ ნდობის დაკარგვა

მომხმარებლები კარგავენ ნდობას მედია საშუალებების მიმართ, რაც აზიანებს ჟურნალისტიკის/მედიის რეპუტაციას

ემოციური მანიპულაცია

ქლიქბეითი ხშირად იყენებს ემოციურ მანიპულაციას, რათა გამოიწვიოს შიში, ბრაზი ან შოკი, რაც უარყოფითად მოქმედებს ადამიანების მენტალურ ჯანმრთელობაზე

ხარისხიანი მედიაშინაარსის დაჩრდილვა

სენსაციური სათაურებით ხშირად ჩრდილავს ხარისხიან და ინფორმატიულ მედიაპროდუქტს

მედიამომხმარებლის დროის ფლანგვა

უსარგებლო ან/და არარელევანტური ინფორმაციის წაკითხვით მედიამომხმარებელს დროს აკარგვინებს


როგორ დავიცვათ თავი ქლიქბეითისგან?
- ყოველთვის დაფიქრდით სანამ სტატიას, სურათს ან ვიდეოს გახსნით - ხშირად მათი სათაური ზედმეტად კარგია იმისთვის, რომ სიმართლე იყოს;
- წაიკითხეთ კომენტარები - ხშირად სხვა მედიამომხმარებლები კომენტარების ველშივე ამხელენ ქლიქბეითს.

 

წყაროები: