არის თუ არა ბავშვი მზად საკუთარი სმარტფონისთვის?
15 ივლ. 2024
1500 ნახვა

ტექნოლოგიების ეპოქაში, რომელსაც მრავალ შესაძლებლობასთან ერთად, საფრთხეებიც ახასიათებს, მშობლის მიერ ბავშვისთვის პერსონალური სმარტფონით სარგებლობის უფლების მიცემა საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობაა. სმარტფონისა და მისი მრავალფეროვანი ფუნქციების გამოყენება მედიაწიგნიერების მაღალ დონეს მოითხოვს, რაც უსაფრთხოების პარამეტრების მართვის, აპლიკაციების შეფასების, თაღლითობის ამოცნობისა და კრიტიკული ანალიზის უნარებს გულისხმობს.

ევროკავშირის ინიციატივა Klicksafe, რომელიც გერმანიაში ონლაინ უსაფრთხოების თემებზე ცნობიერების ამაღლებას ემსახურება, გვთავაზობს კითხვარს იმის შესაფასებლად, თუ რამდენად არის ბავშვი მზად იმისთვის, რომ ჰქოდეს საკუთარი სმარტფონი. სათითაოდ უპასუხეთ ჩამოთვლილ პუნქტებს და განსაზღვრეთ, რა საკითხების განხილვა გჭირდებათ თქვენს შვილთან, ვიდრე მას საკუთარი სმარტფონით სარგებლობის შესაძლებლობას მისცემთ.

ჩემს ბავშვს შეუძლია:

◾ უსაფრთხოების პარამეტრების მოძებნა და შეცვლა (PIN-ის ან პაროლის დაყენება და შეცვლა, ეკრანის დაბლოკვა);

◾ სმარტფონის გამოყენების ყოველთვიური საფასურის აღრიცხვა;

◾ ფასიანი აპლიკაციებისა და სერვისების განსაზღვრა;

◾ GPS სიგნალის, Wi-Fi-სა და Bluetooth-ის აქტივაცია და დეაქტივაცია;

◾ როუმინგ მომსახურების ჩართვა ან გამორთვა;

◾ აპლიკაციების კრიტიკულად შეფასება უსაფრთხოებისა და ასაკისთვის შესაბამისობის კრიტერიუმებით;

◾ პერსონალური ინფორმაციის საკითხების გააზრება და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების შეფასება;

◾ პირადი ინფორმაციისა და ფოტოების გაფრთხილება და ცოდნა იმისა, თუ რისი გაზიარება არ შეიძლება იტერნეტში;

◾ სხვა ადამიანების უფლებების პატივისცემა ონლაინ სივრცეში;

◾ რა პრობლემებთან დაკავშირებით უნდა მიმართოს მშობელს ან სხვა სანდო უფროსს (მუქარის შემცველი შეტყობინებები, პირადი ფოტოების მოთხოვნა, გამოძალვა და ა.შ.);

◾ სმარტფონის გამოყენების წინასწარ შეთანხმებული წესების პატივისცემა (მაგალითად, არ გამოვიყენოთ სმარტფონი ჭამის დროს, გამოვრთოთ 9 საათის შემდეგ და სხვა);

◾ ყოველდღიურ ცხოვრებაში სმარტფონის როლისა და ფუნქციის კრიტიკული შეფასება;

◾ რეკლამის ამოცნობა და შესაბამისი რეაგირება.

რაც უფრო მეტ კითხვაზე იქნება თქვენი პასუხი დადებითი, მით მეტად დარწმუნდებით თქვენი შვილის მზაობაში. იმ საკითხებზე კი, რომლებზეც თქვენი პასუხი უარყოფითი იქნება, აუცილებელია დისკუსია ბავშვებთან, ვიდრე მათ პერსონალურ სმარტფონებს გადავცემთ.

წყარო: https://www.klicksafe.de/en/news/checkliste-ist-ihr-kind-reif-fuer-ein-smartphone